თურქეთში ნაწილობრივი შეზღუდვები ამოქმედდა
თურქეთში ნაწილობრივი შეზღუდვები ამოქმედდა

თურქეთში ნაწილობრივი შეზღუდვები ამოქმედდა. კვლავ იმოქმედებს კომენდანტის საათიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემზღუდველი ზომების ფარგლებში, ყველა რესტორანი და კაფე 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს. მაღალი რისკის მქონე ქალაქებში კი უქმეებზე კარანტინი იქნება ძალაში. აღნიშნული ზომები იმოქმედებს რამადანის თვის განმავლობაშიც.

ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის 81 პროვინციიდან 58 მაღალი რისკის მქონე რეგიონად მოიაზრება.

ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში თურქეთში უკვე ათვისებულია 10 მილიონზე მეტი ვაქცინა. ექვს მილიონზე მეტი პირი უკვე სრულად, ორივე დოზით არის აცრილი.

ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 32 000 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, ვირუსს კიდევ 154 ადამიანი ემსხვერპლა.