თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

01:47, 28.01.2020

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, 86 დაშავებული ადამიანიდან 18-ს საავადმყოფოებში ინტენსიური მკურნალობის კურსი უტარდება.

სტიქიის შედეგად საერთო ჯამში 1 607 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 1 516 საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. შენობებისა და სახლების ნანგრევებიდან მაშველებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს.

თურქეთის ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის შემდეგ თურქეთის სეისმოლოგიურმა სამსახურმა 950-მდე მიწისქვეშა ბიძგი აღნიშნა. სტიქიის ზონაში თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა 3 800-ზე მეტი თანამშრომელი გაგზავნა.

მსგავსი