თურქეთში კორონავირუსის 40 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 40 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 40 596 ადამიანს დაუდასტურდა, 339 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 52 297 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 3 511 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 4,5 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა ოთხი მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 38 011 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის, 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი მიღებული აქვს რვა მილიონამდე მოქალაქეს.

თურქეთში ვაქცინაცია ჩინეთის მიერ წარმოებული „სინოვაკის“, ასევე „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 26 აპრილის ჩათვლით კომენდანტის საათი მოქმედებს, რა დროსაც, მოსახლეობას სახლის დატოვების უფლება 10:00-დან 17:00 საათამდე მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასასვლელად, ექიმთან ვიზიტის მიზნით ან შინაური ცხოველების გასასეირნებლად ექნებათ.