თურქეთში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დღეიდან იწყება
თურქეთში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დღეიდან იწყება

თურქეთი მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრის. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ფაჰრეთინ კოჩამ კომპანია „სინვაკის“ მიერ შექმნილი ვაქცინა პირდაპირ ეთერში თავადაც გაიკეთა. ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება.

მანამდე თურქეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა ჩინეთში წარმოებულ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭეს.

„ჩვეული ცხოვრების წესის დასაბრუნებლად აუცილებელია ვაქცინაცია“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინური ვაქცინების დისტრიბუცია უკვე დასრულებულია ქვეყნის 81 რეგიონში. პირველ ეტაპზე აცრას 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს გაუკეთებენ.

ბოლო კლინიკური კვლევების შედეგად, ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 50,4 პროცენტს შეადგენს.

თურქეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 23 000 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი 2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ღამის კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას კი ძალაშია მკაცრი კარანტინი.

ჩინური ვაქცინის გარდა, თურქეთი ასევე აპირებს რუსეთში წარმოებული ვაქცინის შეძენასაც.