თურქეთში ახალი კოვიდრეგულაციების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს
თურქეთში ახალი კოვიდრეგულაციების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

თურქეთში ახალი კოვიდრეგულაციები გააპროტესტეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სტამბოლში ორიათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მთავრობის მიერ ვაქცინაციის, ტესტირებისა და ნიღბების ტარების შესახებ შემოღებული ახალი რეგულაციები გააპროტესტეს. დემონსტრანტების განცხადებით, ახალი კოვიდრეგულაციები ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს ზღუდავს და სავალდებულო არ უნდა იყოს.

თურქეთის ხელისუფლებამ კვირის დასაწყისიდან საქალაქთაშორისო ფრენებზე, ავტობუსებსა და მატარებლებზე მგზავრებისგან ვაქცინაციის ან „კოვიდ-19“-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი მოწმობების მოთხოვნა დაიწყო. მოწმობების ჩვენება სავალდებულო გახდა მსხვილ ღონისძიებებზეც, როგორიცაა კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციების მიხედვით, სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებმა კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტი, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება კი, სავალდებულო გახდა.

თურქეთში მოსახლეობის დაახლოებით 64 პროცენტია სრულად აცრილი. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად კორონავირუსის 23 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რის გამოც, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდვების გამკაცრება გადაწყვიტა.