თურქეთში 29 აპრილიდან 17 მაისამდე დაგეგმილი შეზღუდვები ტურისტებზე არ გავრცელდება
თურქეთში 29 აპრილიდან 17 მაისამდე დაგეგმილი შეზღუდვები ტურისტებზე არ გავრცელდება

თურქეთში 29 აპრილიდან 17 მაისამდე დაგეგმილი შეზღუდვები ტურისტებზე არ გავრცელდება. ამის შესახებ „ანადოლუ“ თურქეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო წერს.

თურქეთის ტურიზმის მინისტრის, ნური ერსოის განცხადებით, ტურისტებს თავისუფლად შეეძლებათ საკუთარი პასპორტებით გადაადგილება, ასევე მუზეუმებისა და არქეოლოგიური ადგილების მონახულება.

მინისტრის თქმით, ამჟამად თურქეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებული პროფესიონალების, სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული სააგენტოებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მაისის ბოლოს დასრულდება.

„თურქეთის ტურისტული მომსახურეობა გასულ წელთან შედარებით ბევრად გაკონტროლებული და ჯანსაღი იქნება“, – ნათქვამია ნური ერსოის განცხადებაში.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდიდან გამომდინარე, თურქეთის მთავრობამ 29 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე სრული ლოკდაუნის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამ პერიოდის განმავლობაში, კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიწოდების სერვისით იმუშავებენ, ხოლო ქსელური სუპერმარკეტები კვირაობით დაიკეტება.