თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო კონტინგენტი გააძლიერა
თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო კონტინგენტი გააძლიერა

სირიაში დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში თურქეთმა საზღვართან სამხედრო კონტინგენტი გააძლიერა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თურქი სამხედრო მოსამსახურეები საზღვარს უახლოეს ხანებში გადაკვეთენ.

ოპერაციის საშუალებით თურქეთს სირიაში მოსაზღვრე რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნა სურს. ამასთან ერთად, ოფიციალური ანკარა იუწყება, რომ აღნიშნული ტერიტორია სამ მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილს შეიფარებს.

ქურთი მებრძოლები საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეები იყვნენ. ცოტა ხნის წინ აღნიშნული რეგიონიდან აშშ-მა საკუთარი კონტინგენტის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ გააკრიტიკეს. ახლა თეთრი სახლის ლიდერი იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქურთები არ მიუტოვებიათ. ოფიციალური ანკარა „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებს ტერორისტებად მიიჩნევს.

თავად „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები იუწყებიან, რომ რეგიონში დაგეგმილი ოპერაცია ისედაც რთულ ჰუმანიტარულ პირობებს კიდევ უფრო გააუარესებს. ამან კი რეგიონი შესაძლოა, ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანოს.