თურქეთმა სირიაში დამატებით რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა
თურქეთმა სირიაში დამატებით რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა

თურქეთმა სირიაში დამატებით რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დამატებით ათასობით თურქმა ჯარისკაცმა სირიის იდლიბის პროვინციაში სამთავრობო არმიის სახმელეთო ჯარების შესაძლო შეტევა უნდა მოიგერიოს და გააკონტროლოს თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი გზები.

იდლიბის პროვინციაში საბრძოლო პოზიციები ძირითადად სტატიკურია 2020 წლის შემდეგ, როდესაც თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული ხელშეკრულებით თურქეთის ძალებსა და სირიის სამთავრობო არმიას შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ სირიის ხელისუფლებას კონტროლის დამყარება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სურს. თურქეთის ხელისუფლება შიშობს, რომ რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმიის შეტევა ამბოხებულების ბოლო ბასტიონზე, იდლიბის პროვინციაზე თურქეთის საზღვრისკენ ლტოლვილების ახალ ნაკადებს დაძრავს.

29 სექტემბერს თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ სირიის კონფლიქტი იქნება.