თურქეთმა საბერძნეთს სძლია და ევრობასკეტის ფინალში გერმანიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
2025 წლის ევრობასკეტის მეორე ფინალისტი თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრები დიდი ანგარიშით, 94:68 დაამარცხა.
თურქეთმა 10-ქულიანი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და მეტოქეს ყველა პერიოდში აჯობა. საბერძნეთის ნაკრებს მეტოქესთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონია.
თურქეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო 28 ქულით ერჯან ოსმანი იყო – მან 8-დან 6 სამქულიანი გამოიყენა. 17 ქულა ჰქონდა ჩედი ოსმანს, ხოლო მიმდინარე ევრობასკეტზე თურქების გამორჩეულმა მოთამაშემ, ალპერენ შენგუნმა შეხვედრა 15 ქულით, 12 მოხსნით, 6 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.
შედეგად, ევრობასკეტის ფინალში ერთმანეთს თურქეთი და გერმანია შეხვდებიან. მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 18:00 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩში საბერძნეთი ფინეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრას პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.