თურქეთმა გაასაჯაროვა პირობები, რომელთა შესრულებასაც შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის ითხოვს
თურქეთმა გაასაჯაროვა პირობები, რომელთა შესრულებასაც შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის ითხოვს

თურქეთმა გაასაჯაროვა მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ითხოვს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის. მედიის ცნობით, პირველი პუნქტი არის „კონკრეტული გარანტიები“ შვედეთისგან, რომ სტოკჰოლმი შეწყვეტს „ქურთ მუშათა პარტიისა“ და ასევე ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებასა და მხარდაჭერას. ორივე ამ ორგანიზაციას ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს.

თურქეთი ამტკიცებს, რომ შვედეთი „ქურთ მუშათა პარტიას“ შეიარაღებით ამარაგებს, მათ შორის დრონებითა და ტანკსაწინააღდეგო იარაღით. ასევე, ანკარა ითხოვს, რომ შვედეთმა გააუქმოს თურქეთისთვის 2019 წელს დაწესებული ემბარგო შეიარაღების ექსპორტზე. თურქეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ბოლო პუნქტი არის – „ტერორიზმთან ბრძოლისთვის გლობალური თანამშრომლობა“.

„ჩვენ ვრჩებით ნატო-ს ღია კარი პოლიტიკის ერთგული, თუმცა მივიჩნევთ, რომ ალიანსი და კანდიდატი ქვეყნებიც უნდა თანამშრომლობდნენ ტერორიზმთან ბრძოლისთვის, როგორც ეს სხვა სფეროებში ხდება. ჩვენ ველოდებით, რომ შვედეთი, რომელმაც ნატო-ს წევრობის სურვილი გამოთქვა, გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს და კონკრეტულ დაპირებებს დადებს, უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომლებიც თურქეთს აწუხებს“, – ნათქვამია კომუნიკეში.

თურქეთი არის ნატო-ს ერთადერთი წევრი, რომელმაც შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.

დატოვე კომენტარი