თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ღია უნდა დარჩეს
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ღია უნდა დარჩეს

ავღანეთიდან საგარეო დიპლომატიური მისიების გასვლის თავიდან ასაცილებლად, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ღია უნდა დარჩეს, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ამ მიზეზით ჩვენ ვაგრძელებთ არგუმენტირებას, რომ აეროპორტი ღია უნდა დარჩეს. უახლოეს დღეებში ეს საკითხი კონკრეტულ ფორმებს მიიღებს“, – განაცხადა აქარმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ოფიციალური ვიზიტისას.

თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკაში ავღანეთის ახალმა ელჩმა, ამირ მოჰამედ რამინმა ქაბულის აეროპორტში თურქული დანაყოფების ყოფნას „სამშვიდობო მისია“ უწოდა.

„ავღანეთში თურქეთის მისიის მთელი იდეა არის უზრუნველყოს ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და გაძლიერება“, – აღნიშნა რამინმა.

31 აგვისტოსთვის ავღანეთიდან ამერიკული ჯარების საბოლოო გასვლის შემდეგ, თურქული მხარე დედაქალაქ ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში თავისი სამხედროების შენარჩუნების ინიციატივით გამოვიდა.