თურქეთის თასიდან გავარდნის შემდეგ მოურინიომ ცხვირზე ხელი სტაცა „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელს [ვიდეო] #1TVSPORT
სკანდალური ეპიზოდი მოხდა თურქეთის თასის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც „ფენერბახჩემ“ 1:2 წააგო საკუთარ მოედანზე „გალათასარაისთან“.
თამაშის დასრულების შემდეგ მინდორზე დიდი არეულობა მოხდა. საქმეში პოლიცია ჩაერია, ხოლო სტიუარდებმა „ცოცხალი კედელი“ აღმართეს. მიუხედავად ამისა, „ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შეძლო ამ კორდონის გავლა და ცხვირზე ხელი სტაცა „გალათასარაის“ დამრიგებელს ოქან ბურუქს, რომელიც მინდორზე დაეცა. ინციდენტი მთავარი არბიტრის თვალწინ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ კომპენსირებულ დროში მსაჯმა ოთხჯერ იხმარა წითელი ბარათი: ორი „გალათასარაის“ მოთამაშეების მისამართით, გააძევა „ფენერბახჩეს“ ერთი ფეხბურთელი და ერთი წარმომადგენელი კლუბის პერსონალიდან.
რაც შეეხება შეხვედრას, ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. „გალათასარაის“ მხრიდან დუბლი შეასრულა ვიქტორ ოსიმენმა, რასაც „ფენერბახჩემ“ სებასტიან შიმანსკის გოლით უპასუხა.