თურქეთის „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ოფისებთან სამართალდამცველებმა ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც პარტიამ მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა
თურქეთის „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ოფისებთან სამართალდამცველებმა ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც პარტიამ მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოქალაქეებს გამოსვლისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც სამართალდამცველებმა პარტიის ოფისებთან ბარიკადები აღმართეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ოზგურ ოზელი აცხადებს, რომ ოფისები ალყაშია.

„„სახალხო რესპუბლიკურ პარტიაზე“ თავდასხმა იგივეა, რაც რესპუბლიკაზე თავდასხმა. ჩვენ დავუპირისპირდებით ჩვენს რესპუბლიკაზე თავდასხმას ჩვენი ძლიერი ნებით და შიშის გარეშე, იმავე მონდომებითა და შეუპოვრობით, როგორც 105 წლის წინ. ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ არ ვნებდებით და არც დავნებდებით“, – განაცხადა ოზელმა.

„სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ 3 სექტემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2023 წლის პარტიულ ყრილობაზე სავარაუდო დარღვევების გამო პარტიას სტამბოლის რეგიონული ლიდერის გათავისუფლება დაევალა. პარტიაში ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ.