თურქეთის საგარეო უწყება - იერუსალიმი ჩვენთვის წითელი ხაზია
თურქეთის საგარეო უწყება - იერუსალიმი ჩვენთვის წითელი ხაზია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ წარდგენილ გეგმას არ ეთანხმებიან. ანკარაში აცხადებენ, რომ „ისინი არ დაუჭერენ მხარს გეგმას, რომელიც პალესტინისთვის მიუღებელია“.

„ე.წ. სამშვიდობო გეგმა მკვდრადშობილია. ეს არის ანექსიის გეგმა, რომელიც მიმართულია პალესტინური მიწების უზურპაციისკენ და ორი სახელმწიფოს იდეის განადგურებისკენ. პალესტინელი ხალხისა და მისი მიწის ფულით ყიდვა არ შეიძლება“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ანკარაში ასევე განაცხადეს, რომ „იერუსალიმი არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც დაუშვებელია.“

„ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, სანამ ბოლო არ მოეღება ოკუპაციის პოლიტიკას“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად რჩება, ხოლო პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად ტრამპის გეგმაში იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი მოიაზრება.