თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - აშშ-ის სანქციების საფრთხე თურქეთს რუსეთთან ახლო ურთიერთობებისკენ უბიძგებს
თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - აშშ-ის სანქციების საფრთხე თურქეთს რუსეთთან ახლო ურთიერთობებისკენ უბიძგებს

აშშ-ის სანქციების საფრთხე თურქეთს რუსეთთან ახლო ურთიერთობების დამყარებისკენ უბიძგებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა ტელეკომპანია „კანალ 7“-ის ეთერში განაცხადა.

იბრაჰიმ კალინის თქმით, სანქციების დაწესება თურქეთის რუსეთთან დაახლოების პროცესს დააჩქარებს.

„ვინ გვიბიძგებს აქეთკენ? თქვენ დგამთ ნაბიჯებს ჩვენს საზღვრებზე ტერორისტული დერეფნის შესაქმნელად, ვერ გაითვალისწინეთ თურქეთის ხმა რეგიონულ საკითხებში, აიძულებთ თურქეთს, ეძებოს ალტერნატიული ვარიანტი, შემდეგ კი ამბობთ: რატომ მიდიხართ რუსეთისკენ და არა ჩვენკენ? თქვენ არ გსურთ, რომ თურქეთი მიუახლოვდეს რუსეთს, მაგრამ სანქციები მხოლოდ ამ პროცესს დააჩქარებს. თურქეთი გააგრძელებს ალტერნატივის ძიებას“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარამ არა მხოლოდ ენერგო, არამედ შეიარაღების შესყიდვის წყაროების დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს. თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპელქსის, „ეს 400“-ის შესყიდვამ ანკარასა და ვაშინგტონის ურთიერთობები გაართულა.

აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი თურქეთისთვის ავიაგამანდგურებელ „ეფ-35“-ის გადაცემას კრძალავს, ვიდრე ანკარა რუსულ „ეს 400“-ზე უარს არ იტყვის.