თურქეთის ნაკრებმა პლეიოფში გასვლა ვერ მოახერხა, ბრაზილიელებმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი მოიგეს
თურქეთის ნაკრებმა პლეიოფში გასვლა ვერ მოახერხა, ბრაზილიელებმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი მოიგეს
ჩინეთში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში.
ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლა მოულოდნელად ვერ მოახერხა თურქეთის ნაკრებმა, რომელიც ჩეხეთთან მატჩამდე ამ წყვილის აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. ჩეხებმა მეტოქე 15 ქულის სხვაობით დაამარცხეს. რონენ გინზბურგის გუნდში საუკეთესო, 18 ქულით, ვოიტეკ ჰრუბანი გამოდგა, 17 ქულით დაასრულა მატჩი ონდრეი ბალვინმა, იარომირ ბოჰაჩიკის ანგარიშზე 15 ქულაა, ტომაშ სატორანსკი კი 11 ქულით შემოიფარგლა.
თურქებს შორის ყველაზე შედეგიანი, 24 ქულით, ჩედი ოსმანი გამოდგა, თუმცა ეს თურქეთს მოსაგებად არ ეყო. მელიჰ მაჰმუტოღლუმ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.
პირველი ჯგუფური ეტაპი აბსოლუტური შედეგით დაასრულა ბრაზილიის ნაკრებმა. სამხრეთამერიკელებმა ამჯერად მონტენეგროს 84-73 სძლიეს.
კანადამ სენეგალს 22 ქულის სხვაობით, ანგარიშით 82:60 მოუგო, გერმანიამ კი იორდანია 96:62 დაამარცხა.