თურქეთის ნაკრები ბულგარეთთან პირველ ტაიმში აგებდა, მაგრამ 14 ქულით მოიგო [ფოტო] #1TVSPORT
თურქეთის ნაკრები ბულგარეთთან პირველ ტაიმში აგებდა, მაგრამ 14 ქულით მოიგო [ფოტო] #1TVSPORT

„თბილისი არენაზე“ ბელგიისა და მონტენეგროს მატჩის შემდეგ (70-76), A ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც თურქეთი ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 101-87 დაამარცხა.

ორივე გუნდი შეხვედრის დასაწყისში შეტევაში კარგად გამოიყურებოდა და მატჩის პირველი მეოთხედი შედეგიანი აღმოჩნდა  – 31-29 თურქების სასარგებლოდ. მეორე მეოთხედი ბულგარელებმა უკეთესად დაიწყეს და საწყის მონაკვეთშივე მეტოქეს გაექცნენ. თავიანთ გუნდს ულიდერეს ბოსტმა და ვეჟენკოვმა, რომლებსაც პირველ ტაიმში 12-12 ქულა ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, თურქეთის ნაკრებმა  სხვაობის შემცირება მოახერხა და დიდ შესვენებამდე ატამანის გუნდი 2 ქულით მარცხდებოდა 50-52.

მესამე პერიოდში ბულგარელებს სამქულიანები არ წაუვიდათ, რამაც თურქეთის ნაკრების წინ გასვლა განაპირობა. ამჯერად, თავისი გუნდის გაქცევაში დიდი როლი ჩედი ოსმანმა ითამაშა და ბოლო პერიოდის დაწყებამდე ანგარიში თურქების სასარგებლოდ იყო 75-71. მეოთხე მეოთხედში თურქეთის ნაკრებმა უპირატესობა განიმტკიცა და საბოლოო ჯამში 14 ქულით მოიგო.

მარცხის მიუხედავად ორმაგი დუბლები დააგროვეს დეე ბოსტმა (12 ქულა და 13 პასი) და ალექსანდერ ვეჟენკოვმა (28 ქულა და 15 მოხსნა), თურქების მხრიდან კი ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩედი ოსმანმა დააგროვა.

2 ტურის შემდეგ, თურქეთს 2-დან 2 მოგება აქვს, ბულგარეთის ნაკრებს კი 2-დან 2 მარცხი.

A ჯგუფში მეორე ტურს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები დახურავენ. შეხვედრა 21:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.