თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერად ოზგურ ოზელი ხელახლა აირჩიეს
თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ლიდერი ხელახლა აირჩია. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ისევ ოზგურ ოზელი იქნება.
მედიის ინფორმაციით, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის დელეგატები კვირას ანკარაში შეიკრიბნენ და ექვსი თვის განმავლობაში ყრილობა მეორედ გამართეს.
აღსანიშნავია, რომ ოზგურ ოზელი პარტიის ლიდერის პოზიციაზე ერთადერთი კანდიდატი იყო და ის 835 ხმით აირჩიეს. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა კი სულ 917-მა დელეგატმა მიიღო.
თურქული მედიის ცნობით, ეს არჩევნები სიმბოლური ხასიათისაა და თურქეთის უდიდეს ოპოზიციურ ძალასთან სამართლებრივი დავის ფონზე პარტიაში ოზელის გავლენის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მედია აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ბრალდების მხარის სასარგებლოდ მიიღებს, თურქეთის უდიდესმა ოპოზიციურმა ძალამ, შესაძლოა, ლიდერი მნიშვნელოვან ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაკარგოს.
ცნობისთვის, ოქტომბერში ანკარის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გააუქმოს თუ არა რესპუბლიკური პარტიის 2023 წლის ყრილობის შედეგები, სადაც ოზგურ ოზელმა კემალ კილიჩდაროღლუ დაამარცხა და პარტიის თავმჯდომარე გახდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ ოზელის ხელახალი არჩევით მისი გადაყენების რისკს შეამცირებენ.