თურქეთის ეროვნული გუნდი ბულგარეთთან მატჩის წინ სოფიაში არ ივარჯიშებს, ზეკი ჩელიკი და კენან ილდიზი ინდივიდუალურად ემზადებიან #1TVSPORT

19:38, 07.10.2025

თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 11 ოქტომბერს ბულგარეთთან გასამართ მატჩამდე სოფიაში არ ივარჯიშებს, –  ამის შესახებ ბულგარეთის ფეხბურთის ასოციაციამ ინფორმაცია მიიღო თურქეთის ფეხბურთის ფედერაციიდან გაგზავნილი ოფიციალური წერილის საფუძველზე, რომელიც შემდეგ რამდენიმე თურქულმა გამოცემამაც გამოაქვეყნა.

მსგავსი გადაწყვეტილება თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ საქართველოსთან შეხვედრის წინაც მიიღო. თურქებს მხოლოდ 15-წუთიანი გასეირნება სურთ „ვასილი ლევსკის“ სტადიონის მოედანზე საფარის მდგომარეობის გასაცნობად და ოფიციალურ ვარჯიშს გამოტოვებენ. მათი აზრით, ეს დრო მომზადებისთვის საკმარისია.

მათი გეგმის მიხედვით, იმავე დღეს, დილით, რივაში, სტამბოლთან მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებენ, რის შემდეგაც სოფიაში გაემგზავრებიან. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბულგარეთსა და თურქეთს შორის შაბათს, 11 ოქტომბერს გაიმართება. ამის შემდეგ, 14 ოქტომბერს, თურქები იზმითში საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ.

ბოლო  ვარჯიშის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბერკე ოზერი და უგურჯან ჩაკარი მცირე ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ, ხოლო ზეკი ჩელიკი და კენან ილდიზი ინდივიდუალურად იტვირთებიან. ილმაზი ბულგარეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და მონტელას მისი მოედანზე გამოყვანა მხოლოდ საქართველოსთან შეეძლება.

სატურნირო ცხრილში თურქეთს სამი ქულა აქვს, ხოლო ბულგარეთი ბოლო ადგილზეა ქულის გარეშეა.

მსგავსი