თურქეთი საუდის არაბეთისგან ხაშოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 პირის გადაცემას ითხოვს
მედიის ინფორმაციით, სტამბოლის პროკურატურამ საუდის არაბეთისგან ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 ეჭვმიტანილის თურქეთისთვის გადაცემის მოთხოვნა გაგზავნა. ინფორმაციას გაზეთი Hurriyet- ი ავრცელებს.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთისგან ითხოვს პასუხს, ვინ გასცა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება და სად არის მისი ცხედარი. ერდოღანის თქმით, ამჟამად თურქეთი აღნიშნულ საქმეზე გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე აქამდე.
ერდოღანი ერ-რიადისგან ასევე ითხოვს, გაასაჯაროოს „ადგილობრივი თანამშრომლის“ სახელი, რომელმაც საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, ჟურნალისტის ცხედარი წაიღო.
„ვინ გასცა ეს ბრძანება? ვინ უბრძანა 15 ადამიანს თურქეთში ჩამოსვლა?“, – იკითხა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, მმართველი პარტიის წევრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.