თურქეთი საფრანგეთს ლიბიაში ქაოსის შექმნასა და სახიფათო თამაშში ადანაშაულებს
თურქეთი საფრანგეთს ლიბიაში ქაოსის შექმნასა და სახიფათო თამაშში ადანაშაულებს

თურქეთი საფრანგეთს ლიბიაში ქაოსის შექმნასა და სახიფათო თამაშში ადანაშაულებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის ლეგიტიმური უფლებების იგნორირებით და „მაქსიმალისტური“ ამბიციების მხარდაჭერით, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ნაცვლად, საფრანგეთი რეგიონში დაძაბულობას ზრდის.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აკსოიმ საფრანგეთსა და ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, შეწყვიტონ ლიბიის, სირიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მომავლისა და უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება და ამის ნაცვლად, დიალოგის არსებული არხები გამოიყენონ.

21 ივნისს ტუნისის პრეზიდენტთან, ყაის საიედთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთი ლიბიის მთავრობის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. თურქული მედია წერს, რომ ლიბიის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულ გენერალს, ხალიფა ჰაფთარს საფრანგეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და რუსეთი უჭერენ მხარს.