თურქეთი პოლონეთს უპილოტო საფრენ აპარატებს მიჰყიდის

11:08, 25.05.2021

თურქეთი უპილოტო საფრენ აპარატებს პოლონეთს მიჰყიდის. როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც თურქული უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყანაში განხორციელდება. მისივე მტკიცებით, თურქეთი უკვე შედის მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქვეყნების ოთხეულში.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი უახლოეს ხანში პოლონეთში ასევე გაგზავნის „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლებს, რომლებიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დაცვის გაფართოებულ მისიაში ჩაერთვებიან.

„ვიმედოვნებ, რომ თურქეთსა და პოლონეთს დიდი პოტენციალი აქვს ბევრ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკონომიკაში, ვაჭრობასა და ინვესტიციებში“, – განაცხადა ერდოღანმა.

ეს განცხადებები თურქეთის პრეზიდენტმა თავის პოლონელ კოლეგა, ანჯეი დუდასთან შეხვედრისას გააკეთა.

მსგავსი