თურქეთი, ლუქსემბურგი და ლიეტუვა - ქალთა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
თურქეთი, ლუქსემბურგი და ლიეტუვა - ქალთა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT

დღეს უეფა-ს ახალი ევროპული სანაკრებო ტურნირის, ქალთა ერთა ლიგის პირველი, 2023/24 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ჩვენი გუნდი C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც თურქეთის, ლუქსემბურგისა და ლიეტუვის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. მატჩების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

C ლიგის ხუთი ჯგუფიდან B ლიგის საგზურს პირდაპირი გზით მხოლოდ გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი, ისინი პლეი ოფში B ლიგაში მესამე ადგილზე გასულებს დაუპირისპირდებიან.

უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში 51 ევროპული ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პირველი ეტაპის მატჩები 2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფინალური ეტაპისა და პლეი ოფის შეხვედრები თებერვალში შედგება.

2024 წლის გაზაფხულზე ერთა ლიგის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც 2025 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი თითოეულ ლიგაში მოთამაშე ნაკრებს ექნება.