თურქეთი – გერმანია | ევრობასკეტის ფინალური მატჩი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
2025 წლის ევრობასკეტის ფინალში დღეს ერთმანეთს თურქეთისა და გერმანიის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
თურქეთი:

თურქეთის ნაკრები კონტინენტის პირველობის ფინალამდე წაუგებლად მივიდა. ჯგუფურ ეტაპზე თურქებმა ლატვია, ჩეხეთი, პორტუგალია, ესტონეთი და სერბეთი დაამარცხეს.
პლეი ოფში ერგინ ატამანის გუნდმა შვედეთს, პოლონეთსა და საბერძნეთს სძლია. თურქეთის ნაკრების ლიდერი მიმდინარე ევრობასკეტზე ალპერენ შენგუნია. „ჰიუსტონ როკეტსის“ ცენტრალური თავდამსხმელი თამაშში საშუალოდ 20.8 ქულას, 11.0 მოხსნას, 7.0 გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.9 დაფარებას აგროვებს.
თურქეთის ნაკრები ისტორიაში პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს. აქამდე ევროპის ჩემპიონატზე ამ ქვეყნის კალათბურთელთა გუნდმა საუკეთესო შედეგი 2001 წელს დააფიქსირა, მაშინ შეჯიბრების ფინალში თურქეთი იუგოსლავიასთან დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.
გერმანია:

მიმდინარე ევრობასკეტზე ასევე წაუგებელია გერმანიის ეროვნული ნაკრები. ჯგუფურ ეტაპზე გერმანელებმა მონტენეგროს, შვედეთს, ლიეტუვას, დიდ ბრიტანეთსა და ფინეთს აჯობეს.
პლეი ოფში გამოსვლა ალექს მუმბრუს გაწვრთნილმა გუნდმა პორტუგალიასთან გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ სლოვენია დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კვლავ ფინეთს სძლია.
კონტინენტის პირველობაზე გამორჩეულად თამაშობენ ფრანც ვაგნერი და დენის შროდერი. მათგან პირველი საშუალოდ 21.1 ქულას აგროვებს, ხოლო მეორე – 20.9 ქულას. მოხსნების მხრივ გუნდში პირველია დანიელ ტაისი – 6.6 მოხსნა, ხოლო შედეგიან გადაცემებშიც საუკეთესო მაჩვენებელი შროდერს აქვს – 6.6 პასი.
გერმანიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონი ისტორიაში ერთხელ, 1993 წელს მშობლიურ კედლებში გახდა. 2005 წელს მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო გასულ ევრობასკეტზე, 2022 წელს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
2023 წელს გერმანელმა კალათბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს და ახლა შეუძლიათ, მეორე დიდი სანაკრებო ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.
ევრობასკეტის ფინალამდე მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ფინეთი და საბერძნეთი დაუპირისპირდებიან. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო ამ შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას ასევე პირველ არხზე შეძლებთ.