„ტურნირს CR7 ჩემპიონთა ლიგა უნდა დაერქვას“ - რონალდუმ „რეალიდან“ წასვლაზე მიანიშნა
„ტურნირს CR7 ჩემპიონთა ლიგა უნდა დაერქვას“ - რონალდუმ „რეალიდან“ წასვლაზე მიანიშნა

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს მთავარი სიურპრიზი კრიშტიანუ რონალდუმ შესთავაზა, რომელმაც “რეალიდან” წასვლის შესახებ მიანიშნა.

„ვინ გახდა საუკეთესო ბომბარდირი? ტურნირს ახალი სახელი უნდა დაერქვას – “CR7 ჩემპიონთა ლიგა”. ხუთი ტიტული მოვიგე, ისევ გავხდი საუკეთესო ბომბარდირი. ჩემი მომავალი? უახლოეს დღეებში ყველაფერს მოვყვები. ძალიან კარგი იყო “რეალში” თამაში. მაგრამ, ახლა, ჩემი მომავალი არც ისე მნიშვნელოვანია, მთავარია – ისტორია, რომელსაც “რეალი” ქმნის”,- განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

მატჩის ერთ-ერთმა ანტიგმირმა სერხიო რამოსმა აზრი გამოთქვა ბეილის გოლზე და რონალდუს განცხადებაზე.

„შევძელით ბურთის ფლობა და თამაშის გაკონტროლება მეორე ტაიმში. ბეილის გოლი, უბრალოდ, დაუჯერებელი იყო. ასეთი გოლი ქმნის მთელს სეზონს. ახლა, ჩვენ ლეგენდარული გუნდი გვყავს, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
ვფიქრობ, კრიშტიანუ თავად მოყვება ყველაფერს სეზონის დასრულების შემდეგ. თუ ამ სიტყვების უკან რაღაც არის, მაშინ მან უნდა განმარტოს აზრი. კრისი – ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. და “რეალზე” უკეთეს ადგილს ვერ იპოვნის“, – განაცხადა სერხიო რამოსმა.

გარეტ ბეილის თქმით, როდესაც მოედანზე შედიოდა იცოდა, რომ თამაშში საკუთარ წვლილს შეიტანდა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რომ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი. ვფიქრობ, ეს დავიმსახურე. როცა მოედანზე შევდიოდი, ვიცოდი, რომ ჩემს წვლილს შევიტანდი. ჩემი გოლი უნდა გახდეს საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. მომავალი? მიმაჩნია, რომ მუდმივად უნდა ვთამაშობდე. ასე რომ, ამ ზაფხულს საჭიროა ჩემს აგენტთან ერთად განვიხილო მომავალი კარიერა”,- აღნიშნა გარეტ ბეილიმ.

„რეალის“ მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება ისტორიული მომენტია.

„ეს ისტორიული მომენტია – მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი ზედიზედ სამჯერ. ეს სიგიჟეა! ახლა, ჩვენ, უბრალოდ, მომენტით ვტკბებით. ეს რთული სეზონი იყო, მაგრამ მისი ასეთი მატჩით და ასეთი მოგებით დასრულება – დიდი ბედნიერებაა. სამი საუკეთესო გოლი ისტორიაში? ჩემი, რონალდუსი და ბეილის”,- განაცხადა ზინედინ ზიდანმა.