ტური უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - „დინამომ“ „თელავი“ ბოლო წამზე დაამარცხა #1TVSPORT
ტური უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - „დინამომ“ „თელავი“ ბოლო წამზე დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-16 ტური „დინამო არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო. „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა და უხვგოლიან, დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა.

„დინამომ“ ანგარიში პირველ ტაიმში უსმან კამარას განვითარებული შეტევით გახსნა. გვინეელი თავდამსხმელი ფლანგზე მცველს გაექცა და ბურთი კარის წინ თორნიკე კირკიტაძეს უპასა, რომელმაც მცველს დაასწრო -1:0.

„თელავმა“ ამის შემდეგ საკმაოდ მწვავედ შეუტია, სახიფათო მომენტები შექმნა და 38-ე წუთზე ანგარიში დააფიქსირა. თბილისელთა კარისკენ დანიშნული საჯარიმო იმედა აშორტიამ შეასრულა და ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა. თუმცა „დინამო“ 45-ე წუთზე ისევ დაწინაურდა და გოლი ისევ უსმანე კამარამ შემქნა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე მცველს ისევ გაცდა და საჯარიმოსთან კვლავ კირკიტაძე მონახა, რომელმაც მცველს დაასწრო და ზუსტად დაარტყა – 2:1.

მეორე ნახევარში „დინამო“ უპირატესობას ფლობდა, სტუმრები კი მწვავე კონტრშეტევებს ვეღარ ახორციელებდნენ. ამან თბილისელები მოადუნა და 78-ე წუთზე გოლი მიიღეს – ცოტნე კაპანაძისგან საჯარიმოსთან ბურთი გიორგი ხაბულიანმა მიიღო და ულამაზესი დარტყმით წონასწორობა მეორედ აღადგინა – 2:2. ბოლო სამ მატჩში 18 წლის თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა.

თუმცა „დინამო თბილისმა“ ბოლო წამებზე გამარჯვება მაინც მოახერხა – 90+5-ე წუთზე კარის წინ სტანისლავ ბილენკიმ მცველები მოატყუა და შესანიშნავი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2, მაგრამ, წაგების მიუხედავად, „თელავმა“ შესანიშნავად ითამაშა და გულშემატკივრებს მეტოქესთან ერთად ლამაზი სანახაობა აჩუქა.

16 ტურის შემდეგ „დინამო თბილისს“ 32 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზეა და ბათუმის „დინამოსთან“ (34) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო „თელავი“ (20) მე-6 ადგილზე დარჩა.