ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ხომალდის ჩაძირვის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა
ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ხომალდის ჩაძირვის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ტუნისის სანაპიროსთან ხომალდის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ხომალდზე აფრიკელი მიგრანტები იმყოფებოდნენ, რომლებიც იტალიისკენ მიემართებოდნენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მაშველებმა 70 მგზავრიდან 16-ის გადარჩენა შეძლეს. რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ ეტაპზე, მაშველებმა დაღუპულების ცხედრების მხოლოდ ნაწილი ამოიყვანეს.

ტუნისის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ხომალდი 10 მაისს ლიბიის პორტ ზაუარადან დაიძრა. ლიბიიდან ლტოლვილების ნაკადი მას შემდეგ გაიზარდა, რაც აფრიკულ ქვეყანაში სამოქალაქო ომი ახალი ძალით განახლდა და ამბოხებულებმა დედაქალაქ ტრიპოლიზე წამოიწყეს შეტევა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 300 ადამიანზე მეტი დაიხრჩო.