თუ თანამშრომლობა არ გაგრძელდება, „ანორთოსისმა“ ქეცბაიას 270 ათასი უნდა გადაუხადოს #1TVSPORT
თუ თანამშრომლობა არ გაგრძელდება, „ანორთოსისმა“ ქეცბაიას 270 ათასი უნდა გადაუხადოს #1TVSPORT

გამოცემა Goal.com.cy-მა თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომაზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ქართველის წასვლა არ სურს.

„ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ თემურ ქეცბაიას საქართველოში წასვლის შემდეგ ბევრი კითხვა ჩნდება. ერთი მხრივ, თემურ ქეცბაიას თანამდებობა ოფიციალურად არ დაუტოვებია, მეორე მხრივ, „ანორთოსისს“ არ სურს განცხადების გამოქვეყნება, რომელშიც სიტყვა „გათავისუფლება“ დაფიქსირდება. გარდა ამისა, ადმინისტრაციამ ქართველს განუცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოსტზე დარჩენა სურს“, – წერს გამოცემა.

Goal.com.cy-ის ცნობით, თემურ ქეცბაიას კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის კომპენსაცია ეკუთვნის.

„53 წლის ქეცბაიას კონტრაქტი გუნდთან კიდევ ერთი წლით აკავშირებს და ეს 270 000 ევროს ანაზღაურებას ითვალისწინებს. თუ მისი თანაშემწეების ხელფასს დავამატებთ, თანხა 400 000 ევროს უახლოვდება. რაც შეეხება თემურ ქეცბაიას შემცვლელს, ყველაფერი ნეოფიტოს ლარკოსის ხელშია. გუნდის სპორტული დირექტორი უკვე ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს“, – ამტკიცებს კვიპროსული გამოცემა.