თუ რუსი სპორტსმენები ჩუმად არიან, მაშინ მხარს უჭერენ იმას, რაც ახლა ხდება - ოლეგ ლუჟნის ინტერვიუ „მირორთან“ #1TVSPORT
თუ რუსი სპორტსმენები ჩუმად არიან, მაშინ მხარს უჭერენ იმას, რაც ახლა ხდება - ოლეგ ლუჟნის ინტერვიუ „მირორთან“ #1TVSPORT

ოლეგ ლუჟნი რუსი ოკუპანტების წინაააღმდეგ მებრძოლ თანამემამულეებს შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის ნაკრების, კიევის „დინამოსა“ და ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მცველმა ინგლისურ გამოცემა Mirror-თან ისაუბრა.

„ისინი ბომბავენ და ანგრევენ ქალაქებსა და დასახლებებს. პატრიკ ვიეირა და ჟილ გრიმანდი ძალიან შეშფოთებულები არიან, მათ დახმარება შემომთავაზეს, მაგრამ როგორც ყველა ერთგული უკრაინელი, მეც უკრაინაში ვარ, სადაც ჩვენი ხალხი თავის სამშობლოს იცავს და ტერიტორიული თავდაცვის რიგებს შევუერთდი. ვითარება ძალიან დაძაბულია, სირენა დღეში სამი-ოთხჯერ ისმის, ასევე – ღამით. ხალხი სწრაფად უნდა გაიქცეს თავშესაფრებში, ქალები პატარა ბავშვებით, რომლებსაც არ ესმით, რა ხდება, შეშინებულები არიან. დანგრეულია მთელი ქალაქები, ხალხი რჩება გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და საკვების გარეშე. მაგრამ ჩვენი ერი, როგორც არასდროს, ერთიანია. ჩვენ არ დავნებდებით, ყველა ცდილობს სამშობლოს მაქსიმალურად დაეხმაროს. რასაც რუსები აკეთებენ, დიდი საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის. უკრაინის არმია, ჩვენი გმირები, ჩვენ ახლა მთელ ევროპას ვიცავთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემს ყოფილ თანაგუნდელს აწუხებს არსებული მდგომარეობა. მადლობელი ვარ ჩემი თანაგუნდელების, რომლებიც მხარს მიჭერენ, და ვამაყობ ჩვენი მეომრებით, რომლებიც გვიცავენ, ჩვენი პრეზიდენტით – ვოლოდიმირ ზელენსკით, რომელიც თავდადებული დგას უკრაინისა და ჩვენი ხალხისთვის“, – ამბობს ლუჟნი.

ვეტერანმა უკრაინელმა მცველმა Mirror-თან ასევე განაცხადა, რომ ომის დროს დუმილი დანაშაულია და რუსი სპორტსმენების პასუხისმგებლობაზე მიანიშნა.

„მე მხარს ვუჭერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა სანქციას. სპორტში ჩართული ადამიანები ერის ნაწილია. როდესაც ერი ირჩევს პრეზიდენტს, ის ასევე პასუხისმგებელია არჩეული პრეზიდენტის ქმედებებზე. თუ ისინი (რუსი სპორტსმენები) ჩუმად არიან, მაშინ მხარს უჭერენ იმას, რაც ახლა ხდება – მშვიდობიან ქვეყანაში შეჭრას. რუს სპორტსმენებს შეუძლიათ და უნდა უთხრან თავიანთ პრეზიდენტს, რომ ომი შეაჩეროს. 21-ე საუკუნეში დაბომბო მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებსაც რუსეთისთვის ზიანი არ მიუყენებიათ, ეს გონებაში არ ჯდება“, – ციტირებს ლუჟნის სიტყვებს ინგლისური გამოცემა.

ოლეგ ლუჟნიმ უკრაინის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა კაპიტნის რანგში და XX საუკუნის უკრაინის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „არსენალში“ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2002), თასის გამარჯვებული (2002, 2003) და უეფა-ს თასის ფინალისტი (2000).