თუ ოცნება გაქვს, მისი რეალობად ქცევა შეგიძლია – „ნიუ იორკ თაიმსი“ კვარაცხელიას, დემბელეს და რუისს ესაუბრა #1TVSPORT

01:05, 12.09.2026

ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიან რუისი და უსმან დემბელე „პარი სენ-ჟერმენის“ ბაზაზე „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტს ესაუბრნენ.

„უსმან დემბელე „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელია. ფაბიან რუისი მსოფლიოს ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 50 მატჩში დაუმარცხებელია. ხვიჩა კვარაცხელია კი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის MVP გახდა და საუკეთესოა მათ შორის, ვისაც ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია.

ისინი ბოლო ორი წლის განმავლობაში პსჟ-ის წარმატების მთავარი შემოქმედნი არიან, მათი დიდი დამსახურებაა, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ევროპაში გაბატონდა და თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა.

მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში გუნდმა ცხრა ტიტული მოიგო და წლების განმავლობაში განცდილი იმედგაცრუებების შემდეგ საბოლოოდ იქცა დომინანტურ ძალად ევროპულ ფეხბურთში.

შარშან „პარკ დე პრენსზე“ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი, რომელიც პარიზელებმა 5:4 მოიგეს, კვარაცხელიამ შესანიშნავად ჩაატარა.

„გიჟური თამაში იყო. ის მატჩი სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის ისტორიაში, ჩემთვის პატივი იყო მასში მონაწილეობა“, – იხსენებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

კვარაცხელიამ მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, რადგან საქართველოს ნაკრებმა იქ თამაშის უფლება ვერ მოიპოვა: „მხოლოდ ჩემი თანაგუნდელების მატჩებს ვუყურებდი, რის გამოც ხანდახან გვიანობამდე არ ვიძინებდი. მაგალითად, ვნახე ნორვეგიასთან მატჩი, სადაც დემბელემ ჰეთთრიკი შეასრულა“, – ამბობს კვარაცხელია.

ქართველი ფეხბურთელი ფაბიან რუისის მაღალ სათამაშო ინტელექტსაც უსვამს ხაზს: „მისი უნარი, უბრალოდ, საოცარია. არ ვიცი, ვინ თქვა სერხიო ბუსკეტსზე – როცა ფეხბურთს უყურებ, ბუსკეტსს ვერ ამჩნევ, მაგრამ როცა ბუსკეტსს აკვირდები, ფეხბურთს ხედავო, იგივე შეიძლება ითქვას ფაბიანის შემთხვევაშიც – ის, შესაძლოა, ყოველთვის თვალშისაცემი არ არის, მაგრამ თამაშის გააზრებისა და მართვის უნარით, ასევე ტემპის კონტროლით გამორჩეულია“.

შესანიშნავი სეზონის შემდეგ სამივე მათგანი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა 30-კაციან სიაში მოხვდა.

France Football-თან ინტერვიუში დემბელემ „ოქროს ბურთის“ ფავორიტებად ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი და კილიან მბაპე დაასახელა, თუმცა დასძინა – ვფიქრობ, ჯილდოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი მიიღებსო.

იმის გათვალისწინებით, რომ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის პსჟ-ის 10 ფეხბურთელია, საინტერესოა, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ ამას მოთამაშეები და საუბრობენ თუ არა ამ საკითხზე:

„ზოგჯერ ამ თემაზე ვსაუბრობთ. შარშან, როდესაც ყველაფერი მოვიგეთ და დემბელემ „ოქროს ბურთი“ მიიღო, ვუთხარი, რომ აქ ამ ტიტულების მოგებაში დასახმარებლად ჩამოვედი“, – ამის თქმაზე კვარაცხელიას გაეცინა.

ხედავს თუ არა საკუთარ თავს ამ ჯილდოს მფლობელად? „ნებისმიერ ფეხბურთელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე ნაკლებად ფიქრობს, ყველაფერი გუნდის წარმატებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფერს შევცვლით, გამარჯვებულის გამოვლენა იმ ჟურნალისტებზეა დამოკიდებული, ვინც გადაწყვეტილებას იღებს“.

კვარაცხელიას კიდევ ერთი სახასიათო მომენტი გოლის აღნიშვნის მანერაა – ჟესტი „ყინული ძარღვებში“. საიდან გაჩნდა ეს იდეა?

კალათბურთიდან. ერთ დღეს, NBA-ს ვიდეოთამაშის დროს ჰაკიმის ვუთხარი, რომ თუ გოლს გავიტანდი, ზუსტად ისე აღვნიშნავდი, როგორც ამას NBA-ს მოთამაშეები აკეთებდნენ. ამის შემდეგ ეს ჩვევად მექცა“, – ამბობს ხვიჩა.

პარიზელთა მაისურით კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გასული წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილას“ კარში ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლი იყო: „ვფიქრობ, ეს მისი საუკეთესო გოლია „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში. მართლაც გასაოცარია, როგორ უსხლტება ის მცველებს. „ჩელსისთან“ გატანილი ბურთებიც დასამახსოვრებელი იყო. მან ბევრი შესანიშნავი გოლი გაიტანა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე“- ამბობს დემბელე.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპულ ასპარეზზე პრემიერლიგის გუნდების წინააღმდეგ განსაკუთრებით წარმატებით თამაშობს: „არ მგონია, რაიმე კონკრეტული მიზეზი იყოს. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეებს, მაგრამ მოედანზე დომინირება გვსურს“, – განმარტავს კვარაცხელია.

ეს ტრიო გადამწყვეტ როლს შეასრულებს „პარი სენ-ჟერმენის“ მცდელობაში, ზედიზედ მესამედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. კვარაცხელია ამაყი ქართველია – მისი წარმომავლობა მისი იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

„სასიამოვნოა, რომ ქართველი ბავშვებისთვის მისაბაძი ვარ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პასუხისმგებლობასა და წნეხსაც გულისხმობს, რადგან მოედანზე გასვლისას მათთვის მაგალითი უნდა გახდე — ისინი თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან. პატარა ქვეყნის წარმომადგენლისთვის წარმატების მიღწევა თავისთავად სამაგალითოა. მე მათ ვაჩვენებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და თუ ოცნება გაქვს, მისი რეალობად ქცევა შეგიძლია“, — ამბობს კვარაცხელია.

„ის საოცარი ფეხბურთელი, საუკეთესო გარემარბი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გასულ სეზონში ბრწყინვალე თამაში აჩვენა; ის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურაა, ხან „საუკეთესოს“ (The Best), ხან კი „კვარადონას“ ვეძახით“, – ამბობს დემბელე ქართველ თანაგუნდელზე.

ამ მეტსახელებიდან კვარაცხელიას ყველაზე მეტად კვარადონა“ მოსწონს: „ვამაყობ, რომ „ნაპოლიში“ ვთამაშობდი. ეს მეტსახელი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც, რადგან ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელთან შედარება საამაყოა. მარადონას ვერავინ შეედრება, თუმცა ეს მეტსახელი სასიამოვნოა“.

შეტევაში გამოკვეთილი უნარების გარდა, რუისი კვარაცხელიას დაცვით თამაშსაც აქებს: „ის საოცარი ფეხბურთელია, განსაკუთრებით მეტოქის ნახევარზე, სადაც მეტოქეებს ადვილად უმკლავდება. თამაშს ძალიან კარგად გრძნობს და ნახევარმცველებს დიდ დახმარებას გვიწევს, რადგან იცის, სად არის თავისუფალი ზონები, როგორ მიიღოს ბურთი და როგორ შეასრულოს გრძელი გადაცემები. ის ისეთი გარემარბია, რომელიც დაცვაშიც ძალიან სასარგებლოა – ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა“.

როდესაც კვარაცხელიას ჰკითხეს, დემბელეს თამაშის რომელი ელემენტის გადაღებას ისურვებდა, მან უპასუხა: „ორივე ფეხით თამაშის უნარი, ბურთის შენარჩუნებისა და მასთან ერთად აჩქარების მანერა, აქ ჩამოსვლამდე მისი თამაში იშვიათად მქონდა ნანახი. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია“.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ბრატისლავისსლოვანთან“ დამაჯერებელი გამარჯვებით (6:1) დაიწყო. დემბელემ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ერთი გოლი რუისმა მიითვალა.

ამ გამორჩეულ ტრიოსთან საუბარი ცხადყოფს, რომ მათ მიღწეულით დაკმაყოფილება არ სურთ. ისინი სრულყოფილებისკენ სწრაფვას განაგრძობენ და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, საკუთარ ტიტულების კოლექციას ახალი ჯილდოები შემატონ.

მსგავსი