თსუ-ს მთავარი მწვრთნელი - სერიის მესამე თამაში უფრო ძნელი იქნება, მაგრამ ამისთვის უფრო მომზადებულებიც ვიქნებით #1TVSPORT
თსუ-ს მთავარი მწვრთნელი - სერიის მესამე თამაში უფრო ძნელი იქნება, მაგრამ ამისთვის უფრო მომზადებულებიც ვიქნებით #1TVSPORT

ფუტსალის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა (თსუ) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (კსუ) 4:2 დაამარცხა და საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში საერთო ანგარიში 1:1 გახდა.

მიხეილ თევზაძე, თსუ-ს კაპიტანი: „ძალიან რთული თამაში იყო, რაც მაყურებელმაც ნახა. ბრძოლაც იყო და გოლებიც. მაქსიმალურად მოვინდომეთ და სერიაში ანგარიში გავათანაბრეთ. ეს სასიხარულოა, მაგრამ დიდ სიხარულამდე ჯერ შორია. ახლა ყველაფერი თავიდან იწყება და ყველაფერს შევეცდებით, რომ ტიტული დავიცვათ და გავიმარჯვოთ“.

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „გუნდის მენტალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე მომეწონა. პირველი მატჩის წაგების შემდეგ შევძელით და სერიაში ანგარიში გავათანაბრეთ. პირველი მატჩი ისე არ გამოგვივიდა, როგორც ვგეგმავდით, მაგრამ სერია „გახურდა“, ჩვენც ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ, თამაშის რიტმსაც დავიჭერთ და იმედია, ჩემპიონობას შევინარჩუნებთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც პირველ შეხვედრაში იმედგაცრუების შემდეგ მაინც მოვიდნენ, გაგვამხნევეს და ის მუხტი მოგვცეს, რაც გჭირდებოდა. შემდეგი თამაში უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამისთვის უფრო კარგად მომზადებულები ვიქნებით და შევეცდებით, გულშემატკივრები კიდევ გავახაროთ“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდების ფინალური სერიის მორიგი დაპირისპირება 21 ივნისს, 15:00 საათზე ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. საჩემპიონო მარათონი სამ გამარჯვებამდე გაგრძელდება.