თსუ-ს მოთამაშე - უნგრელებთან მოგება შეგვეძლო, მაგრამ თამაში გვიან დავიწყეთ
თსუ-ს მოთამაშე - უნგრელებთან მოგება შეგვეძლო, მაგრამ თამაში გვიან დავიწყეთ

საქართველოს ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წინასწარი ტურის მატჩში უნგრეთის „ბერეტიუიფალუსთან“ დამარცხდა (3:4) და გათამაშებას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ვახტანგ კეკელიამ, რომელიც გუნდს შეხვედრამდე 10 დღით ადრე შეუერთდა, საქართველოს პირველ არხთან წაგების მიზეზებზე ილაპარაკა.

„თავიდან შეცდომები დავუშვით და სწრაფი გოლები მივიღეთ. ​უნგრელების სასარგებლოდ დანიშნული 6-მეტრიანი საჯარიმოც სადავო იყო. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენი თამაშის ჩვენება და ნელ-ნელა მოვუმატეთ. პირველმა გოლმა უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა და სხვაობა მინიმუმამდე შევამცირეთ. თუმცა, სამწუხაროა, რომ ანგარიში ვერ გავათანაბრეთ და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ვახტანგ კეკელია.

ვახტანგ კეკელია თსუ-ს რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან 0:4-ზე პირველი გოლი გაიტანა და თბილისელებს მეორე „სუნთქვა“ გაუხსნა და გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ დარჩათ. კეკელიას თქმით, მოგება შესაძლებელი იყო.

„მოგება ნამდვილად შესაძლებელი იყო, რადგან ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. სამწუხაროა, რომ ამით ვერ ვისარგებლეთ. არადა, კიდევ ერთიც რომ გაგვეტანა, მერე მატჩის მოგება შესაძლებელი იქნებოდა“, – აცხადებს კეკელია.

თსუ-ს მოთამაშის თქმით, გულშემატკივრის არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო:

„გულშემატკივარი ნამდვილად დაგვაკლდა, რადგან ტრიბუნაზე ხალხი რომ ყოფილიყო, ამას დამატებითი მოთამაშის ეფექტი ექნებოდა და უფრო მეტი შემართებით ვიქნებოდით. მაგრამ რა უნდა ვქნათ, პანდემიამ თავისი წესები დაამკვიდრა“.