თსუ „ბენფიკასთან“ მატჩისთვის „გლორია არენაზე“ აქტიურად ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთში 23 სექტემბერს, შუადღეს ჩასულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ვარჯიში ბელეკის „გლორია არენაზე“ საღამოს გამართა. ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტმა, ნიკა მსხალაიამ გუნდი მსუბუქად, ზედმეტი დატვირთვების გარეშე ავარჯიშეს.

ძირითადი დრო სროლებს და ფიზმომზადების მწვრთნელის, ივიკო ერგემლიძის მოთელვით ვარჯიშებს დაეთმო, რომლის მიზანიც ნამგზავრი კალათბურთელების რელაქსაცია და კონდიციების აღდგენა, ტონუსში მოყვანა იყო.

ბელეკში ფიბა-ს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება, რომლის ფარგლებშიც 24 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი 3 საგზურისთვის იბრძვის. 24 მონაწილე 3 ნაწილადაა გაყოფილი და თითოეულის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს.

თსუ არის ჩემპიონთა ბადეში, რომელშიც ასევე 7 ქვეყნის ჩემპიონი მოხვდა: ბენფიკა (პორტუგალია), ლევიცე (სლოვაკეთი), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), კალევ-კრამო (ესტონეთი), ბაკენ ბიარსი (დანია), პეჟა (კოსოვო) და ნორჩეპინგ დოლფინსი (შვედეთი). ამ 8 ქვეყნის ჩემპიონიდან 1 მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. დარჩენილი 2 საგზური სხვა, არაჩემპიონ გუნდებში გათამაშდება და მათი თამაშებიც ბელეკში 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. საკვალიფიკაციო ტურნირი მთლიანად ოლიმპიური სისტემით ტარდება.

ჩემპიონთა ბადის 8 გუნდი მეოთხედფინალშია დაწყვილებული, სადაც თსუ-ს პირველ მეტოქედ გასულ ივნისს ჟენევაში გამართულმა წილისწყრამ ბენფიკა არგუნა. პორტუგალიური გუნდის ძლევის შემთხვევაში თსუ ნახევარფინალში გავა, სადაც სლოვაკეთის „ლევიცესა“ და კვიპროსულ „ლარნაკას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

თსუ „გლორია არენაზე“ მორიგ ვარჯიშს კვირა საღამოს გამართავს და ამავე მოედანზე 25 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე პორტუგალიურ „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფიბა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება.