„ტრე პენეში“ ბათუმის „დინამოსთვის“ ერთი გოლის გატანაზე ოცნებობენ - ტექნიკური პრობლემების გამო, სან-მარინოელები დაგვიანებით ჩამოფრინდნენ #1TVSPORT
„ტრე პენეში“ ბათუმის „დინამოსთვის“ ერთი გოლის გატანაზე ოცნებობენ - ტექნიკური პრობლემების გამო, სან-მარინოელები დაგვიანებით ჩამოფრინდნენ #1TVSPORT

„ტრე პენე“ ბათუმშია და თბილისის დროით 20:30 საათზე (იტალია 18:30 საათზე) ბათუმის „დინამოს“ „კონფერენს ლიგის“ საპასუხო შეხვედრაში ბათუმის ახალ სტადიონზე დაუპირისპირდება.

სან-მარინოს დელეგაცია ბათუმს 18 მოთამაშით და 11 თანამშრომლით ესტუმრა. მატჩს  რამდენიმე მოთამაშე გამოტოვებს, რომლებმაც პირველ შეხვედრაში ითამაშეს – ნიკოლა გაი, მაიკლ ბატისტინი, ნიკოლას ლომბარდი, დავიდე ჩეზარინი და ენრიკო ციბელი, მაგრამ გუნდს ტრავმირებული ლუკა რიგინი დაუბრუნდა.

ფეხბურთელებმა ბათუმის ახალ სტადიონზე ივარჯიშეს. მატჩისწინა პრესკონფერენცია კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო ჩეჩიმ და თავდამსხმელმა იმრე ბადალასიმ გამართეს.

სტეფანო ჩეჩი, „ტრე პენეს“ მთავარი მწვრთნელი:

„ჩვენი მიზანი თამაშის ჩვენება და უცხოელებთან თამაშის გამოცდილების მიღებაა. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში გველოდება გუნდთან, რომლის ძალაც პირველ მატჩში უკვე ვნახეთ. მიუხედავად ამისა, შევეცდებით ვითამაშოთ ჩვენი თამაში. გაშვებული გოლების გამო, დაცვაში მოთამაშეებს შევცვლით, მაგრამ განლაგება იგივე უნდა დარჩეს”.

იმრე ბადალასი, „ტრე პენეს“ მოთამაშე:

„მშვენიერი იქნება, თუ ერთი გოლის გატანა მაინც მოვახერხეთ. ჩვენ მინდორზე შიშის გარეშე გასვლა და კარგად თამაში მოგვეთხოვება. ვიცით, რომ ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვხვდება. საქართველოში მგზავრობა პრობლემური იყო, რადგან ფრენამდე ტექნიკური პრობლემები გვქონდა, ამიტომ ძალიან დაღლილები ვართ და დასვენება გვჭირდება, რათა „ბატარეები“ ხვალინდელი ღამის მატჩისთვის მაქსიმალურად დავტენოთ“.

„კონფერენს ლიგის“ საპასუხო შეხვედრაში ბათუმის ახალ სტადიონზე ტევადობის 50 პროცენტს შევსებაა ნებადართული, ანუ თამაშზე დასწრებას 10,000 მაყურებელი შეძლებს. ბათუმის „დინამოს“ და „ტრე პენეს“ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი 20:30 საათიდან შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი