Transfermarkt-ის მიხედვით, „ფეჰერვარმა“ სანდრო კალანდაძის იჯარაში „დინამო თბილისს“ 300 000 ევრო გადაუხადა #1TVSPORT
უნგრულმა საფეხბურთო კლუბმა, „ფეჰერვარმა“ დაადასტურა საქართველოს პირველი არხის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „დინამო თბილისის“ 23 წლის მცველთან, სანდრო კალანდაძესთან კონტრაქტი გააფორმა და შეთანხმების დეტალებიც გაასაჯაროვა.
„სანდრო კალანდაძე „ფეჰერვარმა“ დაიმატა. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კალანდაძე კარიერას ჩვენს კლუბში იჯარით გააგრძელებს, რომლის დასრულების შემდეგ „ფეჰერვარს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. ალექსანდრე კალანდაძე „ფეჰერვარში“ 5-ნომრიან მაისურს მოირგებს. წარმატებებს ვუსურვებთ გუნდში“, – აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
„ეს ტრანსფერი ზამთარში უნგრული კლუბის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. კლუბთან კონტრაქტს ხელი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მოაწერა“, – ასე შეაფასა კალანდაძის ტრანსფერი პოპულარულმა უნგრულმა გამოცემამ, Csakfoci-მ.
მართალია, ტრანსფერის ფინანსური დეტალები კლუბებს ოფიციალურად არ გაუხმაურებიათ, თუმცა გერმანული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის ცნობით, 23 წლის ქართველი მცველის იჯარაში უნგრულმა კლუბმა „დინამო თბილისს“ 300 000 ევრო გადაუხადა.
Transfermarkt-ი კალანდაძის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულებას 400 000 ევროდ აფასებს. რაც შეეხება „ფეჰერვარს“, სადაც 2020-2023 წლებში ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა, უნგრეთის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-7 ადგილზეა.