ტრანსფერი „ფეჰერვარის“ მოთხოვნაზეა დამოკიდებული - ზივზივაძით „კარლსრუე“ და „ანკარაგუჯუ“ დაინტერესდნენ #1TVSPORT
ტრანსფერი „ფეჰერვარის“ მოთხოვნაზეა დამოკიდებული - ზივზივაძით „კარლსრუე“ და „ანკარაგუჯუ“ დაინტერესდნენ #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძეს ორი კონკრეტული მიწვევა გააჩნია – საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის’“ თავდამსხმელს გერმანიასა და თურქეთში იწვევენ, მაგრამ სად ითამაშებს „ჯვრაონების“ თავდამსხმელი, ჯერ უცნობია.

უფრო კონკურეტულად, არის ინფორმაცია, რომ ზივზივაძის გადაბირებით „ანკარაგუჯუ“ დაინტერესდა. თურქი ჟურნალისტის, ოსმან ჯენგიზის მტკიცებით, სუპერლიგის გუნდმა ქართველ ბომბარდირთან ერთი კვირის წინ მოლაპარაკება დაიწყო.

გარდა ამისა, ზივზივაძის ტრანსფერით მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუე“ დაინტერესდა. მაგრამ 28 წლის თავდამსხმელის გერმანულ გუნდში გადასვლა „ფეჰერვარზეა“ დამოკიდებული, თუ რა თანხას მოითხოვს.

ინტერესი ლოგიკურია, რადგან ბუდუმ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. უნგრეთის ჩემპიონატის დასრულებული სეზონი „ფეჰერვარში“ დაიწყო, სადაც 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მაგრამ მეორე წრეში „უიპეშტში“ იჯარით გადასულმა 12 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა ანგარიშზე, ბომბარდირთა ხუთეულში მოხვდა, 9-ჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, ხოლო სეზონის დასასრულს – ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში. ამას გარდა, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სამჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

უნგრულმა კლუბმა ქართველის ტრანსფერი „მეზოკოვეშდიდან“ 650 ათას ევროდ გამოისყიდა, უნგრეთის ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი თამაშების შემდეგ კი მისი სატრანსფერო შეფასება გაიზარდა. ზივზივაძის კონტრაქტი „ფეჰერვართან“ 2023 წლის 30 ივნისს მთავრდება, მაგრამ გუნდში დარჩენა არ სურს და მის გახანგრძლივებაზე წინადადება უარყო.

დატოვე კომენტარი