ტრამპის საქმიანობის პროტესტის ნიშნად, მისი პრესმდივანი რესტორნიდან გააგდეს
ტრამპის საქმიანობის პროტესტის ნიშნად, მისი პრესმდივანი რესტორნიდან გააგდეს

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორნიდან გააგდეს. ინციდენტი ვირჯინიის შტატში მდებარე ქალაქ ლენგსინგტონში მოხდა. რესტორან Red Hen-ის მეპატრონემ სანდერსსა და მისი ოჯახის წევრებს საკვები ობიექტის დატოვება მოსთხოვა. ამ ნაბიჯით მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობა გააპროტესტა.

„ტრამპის ადმინისტრაცია უპასუხისმგებლო და არაეთიკურია. მე გადავწყვიტე, ტრამპის პრესმდივანს მომსახურებაზე უარი ვუთხრა. გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობე თანამშრომლებსაც და ისინიც დამეთანხმნენ“, – განაცხადა რესტორნის მფლობელმა სტეფანი უილკინსონმა.

მისივე თქმით, სანდერსი მოთხოვნას დაემორჩილა და შეკვეთის გადახდაც ისურვა, თუმცა მას ფული უკან დაუბრუნეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრი სახლის წარმომადგენლებს რესტორანში პრობლემები შეექმნათ. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივან კირსტენ ნილსენს ერთ-ერთ მექსიკურ რესტორანში სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ.

აშშ-ის მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს ტრამპის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მექსიკის საზღვარზე მყოფი მიგრანტების ბავშვები მშობლებს დააცილეს. მაისსა და ივნისში ეს გადაწყვეტილება 2300 არასრულწლოვანს შეეხო.

მოგვიანებით, ტრამპმა აღნიშნულ ინიციატივაზე უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ მიგრანტების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას შეინარჩუნებს.