ტრამპის განცხადებით, სპეცპროკურორ მიულერის კითხვებს წერილობით უპასუხა
ტრამპის განცხადებით, სპეცპროკურორ მიულერის კითხვებს წერილობით უპასუხა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის კითხვებს წერილობით უპასუხა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პასუხების ტექსტი არა მისმა ადვოკატებმა, არამედ მან პირადად შეადგინა. თუმცა, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მას წერილობითი ჩვენება სპეციალური პროკურორის ოფისისთვის ჯერ არ გადაუგზავნია.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიულერის კითხვებს მან ძალიან მარტივად უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ „სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა“.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და დონალდ ტრამპის გუნდის მოსკოვთან შესაძლო კავშირის საქმეზე გამოძიება 2017 წლის მაისში დაიწყო. ე.წ. რაშა გეითის გამოძიების ფარგლებში, სპეცპროკურორის ოფისმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რამდენიმე წარმომადგენელსა და რუსეთის მოქალაქეებს ბრალი წაუყენა.