ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებს
ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი სამი კვირით გაუქმდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატ კონგრესმენებთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში ყველა დეპარტამენტი 15 თებერვლამდე სრული დატვირთვით იმუშავებს. აღნიშნულ განკარგულებას მხარი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ დაუჭირა, რის შემდეგაც, დოკუმენტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

სამი კვირის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას კვლავ ეცდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების მიზნით ის საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს. ამ შემთხვევაში, თეთრი სახლის ლიდერი პროექტისთვის საჭირო თანხის გამოყოფას და კედლის აშენებას კონგრესის გვერდის ავლით შეძლებს.

მოგვიანებით მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. შათდაუნთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მისი მხრიდან დათმობას არ ნიშნავს. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება მილიონობით დასაქმებულის გამო მიიღო, რომლებიც ე.წ. შათდაუნის გამო ანაზღაურებას ვერ იღებდნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის საზღვართან არსებულ ვითარებაზე დონალდ ტრამპსა და დემოკრატებს შორის დავა დიდი ხანია, გრძელდება. ტრამპი საზღვარზე კედლის ასაშენებლად ბიუჯეტში ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. ამ ინიციატივას დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. უთანხმოების გამო 2018 წლის 22 დეკემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებული იყო.