ტრამპი აცხადებს, რომ ჯამალ ხაშოგის საქმეზე საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს
ტრამპი აცხადებს, რომ ჯამალ ხაშოგის საქმეზე საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს იცავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ მოვლენების განვითარებას უნდა ადევნოს თვალყური.

„ისევ ასე ხდება. დამნაშავე ხარ, ვიდრე შენი უდანაშაულობა არ დამტკიცდება. ეს არ მომწონს“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ინტერვიუს დროს.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპსა და საუდის არაბეთის პრინცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც მოჰამად ბინ სალმანმა სტამბოლში არსებულ საკონსულოში ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებაზე რაიმე სახის ინფორმაციის ფლობა კატეგორიულად უარყო.

როგორც უკვე ცნობილია, სატელეფონო საუბრის დროს საუდის არაბეთის პრინცი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას მართავდა. მაიკ პომპეო ერ-რიადს სწორედ აღნიშნული საკითხის განსახილველად ესტუმრა.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ოფიციალურმა ანკარამ კი ერ-რიადი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში დაადანაშაულა. თურქეთში განაცხადეს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ.