თოვლი, მძიმე საფარი და დაძაბულობა - ლიგა 2-ში „გაგრა“ გალიდერდა, ბომბარდირებში - მაქაცარია #1TVSPORT
თოვლი, მძიმე საფარი და დაძაბულობა - ლიგა 2-ში „გაგრა“ გალიდერდა, ბომბარდირებში - მაქაცარია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის შეხვედრები დაიწყო. გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიამ“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა. მატჩი, რომელიც დათოვლილ მოედანზე მიმდინარეობდა, უგოლოდ დასრულდა 0:0.

ეროვნული ლიგის ახალ სეზონს „გაგრა“ კარგად მომზადებული შეხვდა. პირველ ტურში მარტვილის „მერანის“ დამარცხების (3:0) შემდეგ, გაგა კირკიტაძის გუნდი ივანწმინდაში საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.

თუკი პირველ მატჩში გუნდებს ხელს თოვლი უშლიდა, ივანწმინდაში უამინდობის გამო მოედნის საფარი დამძიმდა, რამაც თამაშის ხარისხზე ძალიან იმოქმედა. ფეხბურთელებს გადაადგილება და ბურთის ზუსტად გადაცემა უჭირდათ. მაგრამ უფრო მძიმე იყო ატმოსფერო მოედანზე და მის გარეთ – ბევრი იყო შეჯახება, უსიამოვნო ეპიზოდები, მსაჯების მიმართ პრეტენზიები.

პირველი ტაიმის ბოლოს, 42-ე წუთზე, თამაზ მაქაცარიამ სტუმრები დააწინაურა 0:1. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს და მათ შეტევაზე შეხვედრის არბიტრმა „გაგრას“ მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა. ამას მასპინძელთა აღშფოთება მოჰყვა. საჩხერელების აზრით, მსაჯმა თამაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც გატანა შეეძლოთ. ამის გამო არბიტრმა მასპინძელთა მწვრთნელის ასისტენტს ყვითელი ბარათი აჩვენა.

„გაგრა“ მეორე ტაიმში მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდა და მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. საჩხერელთა კარი აიღეს გურამ სამუშიამ (50), თამაზ მაქაცარიამ (77) და გია ჩადუნელმა (90+3), „გაგრამ“ კი 0:4 მოიგო და და ეროვნული ლიგა2-ის გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ გაგრელთა თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ ზედიზედ მეორედ მოახერხა დუბლის შესრულება და ბომბარდირთა სიას ოთხი გოლით სათავეში მოექცა.

ეროვნული ლიგის მე-2 ტურის სამი მატჩი ცხრა მარტს გაიმართება და ამით ტური დასრულდება:

სამშაბათი, 9 მარტი

გარეჯი – რუსთავი

13:00. საგარეჯო. ცენტრალური სტადიონი

სიონი – დინამო ზგ

15:00. ბოლნისი. „თამაზ სტეფანია – არენა“

მერანი მრ – მერანი თბ

15:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა – არენა“