ტოტი და ალეგრი იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში მიიღეს
ტოტი და ალეგრი იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში მიიღეს

ქალაქ ფლორენციაში იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში ახალი წევრები მიიღეს. ეს პატივი წილად ხვდათ „რომას“ ლეგენდას ფრანჩესკო ტოტის და „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის.

„დაუჯერებელი დღეა! მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც ამგვარი აღიარება მომანიჭა. ვფიქრობ, გადამწყვეტი როლი ითამაშა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატმა. მადლობა“, – მოჰყავს ტოტის სიტყვები „რომას“ პრესსამსახურს.

42 წლის ტოტი ერთხელ იყო იტალიის ჩემპიონი, ცხრაჯერ ვიცე-ჩემპიონი. მის ანგარიშზეა ორ-ორი გამარჯვება იტალიის თასსა და იტალიის სუპერთასზე. იტალიის ნაკრებში მან 59 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. 2006 წელს, ტოტი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

51 წლის ალეგრიმ პრიზი ლეგენდარული მარჩელო ლიპისგან მიიღო. ის ერთადერთი იტალიელი მწვრთნელია, ვინც ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო, სულ კი ექვსი „სკუდეტო“ აქვს, რასაც ოთხჯერ იტალიის თასისა და სამჯერ იტალიის სუპერთასის მოგება ემატება.