„ტოტენჰემმა“ წააგო, „მანჩესტერმა“ მოიგო - ინგლისში მე-14 ტური დაიწყო
„ტოტენჰემმა“ წააგო, „მანჩესტერმა“ მოიგო - ინგლისში მე-14 ტური დაიწყო

ინგლისის პრემიერ ლიგაში შუა კვირას მე-14 ტური იმართება. სამშაბათს ოთხი შეხვედრა ჩატარდა.

პრობლემები აქვს “ტოტენჰემს”, რომელსაც ზედიზედ სამი ტურია არ მოუგია. ამჯერად, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა სტუმრად “ლესტერთან” 1:2 წააგო. “მელიებმა” 29 ოქტომბრის შემდეგ, პირველად მოიგეს და მეცხრე ადგილზე გადავიდნენ.

“ტოტენჰემი” ლიდერთან 13-ქულიანი ჩამორჩენით მეხუთე ადგილზეა. “ლესტერის” მხრიდან გოლები ჯეიმი ვარდიმ და რიად მაჰრეზმა გაიტანეს, სტუმრების მხრიდან – ჰარი კეინმა.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო მეორე ადგილზე მყოფმა “მანჩესტერ იუნაიტედმა”. 32-ე წუთისთვის თამაშის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა – ეშლი იანგმა (ორჯერ) და ანტონი მარსიალმა სამი გოლი გაუტანეს “უოტფორდს” და მეორე ტაიმი თითქოს ფორმალობად აქციეს, მაგრამ ტროი დინიმ და აბდულაიე დუკურმა შვიდ წუთში ორი გოლი გაიტანეს და 84-ე წუთზე ანგარიში 2:3 გახდა, თუმცა ლინგარდმა 2 წუთში ინტრიგა მოკლა – 2:4.

“მანჩესტერი” ხუთ ქულამდე მიუახლოვდა “სიტის”, რომელიც თავის შეხვედრას ოთხშაბათს ჩაატარებს.

სამშაბათის კიდევ ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა:

ბრაიტონი-კრისტალ პალასი 0:0

ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 2:2.