„ტოტენჰემი“ ჟოზე მოურინიოს ელაპარაკა
„ტოტენჰემი“ ჟოზე მოურინიოს ელაპარაკა

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

როგორც „სოკერ ლინკი“ (Soccer Link) იტყობინება, „ტოტენჰემი“ განიხილავს მოურინიოს, როგორც მაურიციო პოჩეტინოს პოტენციურ შემცვლელს – იმ შემთხვევისთვის, თუ ლონდონური კლუბი გადაწყვეტს არგენტინელი სპეციალისტის გაშვებას. როგორც წყარო ამტკიცებს, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა მოურინიოს შესაძლო თანამშრომლობაზე.

„ტოტენჰემმა“ წარუმატებელი სტარტი აიღო ამ სეზონში და რვა ტურის შემდეგ, 11 ქულით მეცხრე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში ლონდონურმა კლუბმა 2:7 წააგო საკუთარ მოედანზე „ბაიერნთან“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჟოზე მოურინიომ უარი უთხრა „ლიონს“.