„ტორპედოში“ მანინოს წასვლა დაგვიდასტურეს - თუმცა, იტალიელები რჩებიან და დავალიანების გასტუმრებას ვიმედოვნებთ
„ტორპედოში“ მანინოს წასვლა დაგვიდასტურეს - თუმცა, იტალიელები რჩებიან და დავალიანების გასტუმრებას ვიმედოვნებთ

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელმა პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ დატოვა, საქართველოს პირველ არხთან გუნდის დირექტორმა პაპუნა მელაძემ დაადასტურა.

ამავე დროს, ქუთაისური გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განმარტა, რომ გუნდის პრეზიდენტის წასვლა იტალიური ინვესტიციის დასრულებას არ ნიშნავს.

„ფაბიო გუნდის პრეზიდენტი ნამდვილად აღარ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდიდან იტალიელი ინვესტორები წავიდნენ. თუ გახსოვთ, თავიდანვე ითქვა, რომ მანინო „ტორპედოში“ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფთან ერთად მოვიდა. ჩვენ იტალიელებთან კონტაქტი გვაქვს და ვიცით, რომ ახალი პრეზიდენტი სხვა პიროვნება იქნება“, – ამბობს პაპუნა მელაძე.

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის პლეი-ოფში „გაგრასთან“ ორმატჩიანი რაუნდი მოიგო (2:0, 1:1) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. თუმცა, შესაძლოა, მოედანზე მოპოვებული უფლება ფინანსური პრობლემების გამო დაკარგოს და ქვედა ლიგაში დაქვეითდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ლიცენზია ვერ აიღო, რადგან ფეხბურთელების და თანამშრომლების (მათ შორის, ყოფილი ფეხბურთელების და თანამშრომლების) ვალი დაუგროვდა. სფფ-მ გუნდს ფინანსური ვალდებულებების დასაფარად ვადა 28 დეკემბრამდე მისცა. სხვაგვარად, კლუბს ლიცენზია ავტომატურად, გასაჩივრების უფლების გარეშე შეუჩერდება.

„ტორპედოს“ დირექტორი იმედოვნებს, რომ დავალიანების გასტუმრებას მოახერხებენ:

„ვითარების გარკვევას ველოდებით და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. დავალიანების საკითხი სამ დღეში გადაწყდება. თანხის გასასტუმრებლად ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ვადა 28 დეკემბრამდე მოგვცა. ველოდებით, რომ ინვესტორები ამ თანხას დაფარავენ და გუნდის საკითხი დადებითად გადაწყდება” – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან პაპუნა მელაძე.