„ტორპედოს“ უკრაინელი ლეგიონერი - არანაირი პანიკა საქართველოში არაა
„ტორპედოს“ უკრაინელი ლეგიონერი - არანაირი პანიკა საქართველოში არაა

„ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ყველა აეროპორტი სავსე იყო, ხალხს სახლში დაბრუნება სურდა. არ მინდოდა კორონავირუსით დაინფიცირება, ამიტომ მეგობარ გოგონასთან ერთად საქართველოში დარჩენა გადავწყვიტე“ – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგიონერი ივან ბობკო.

უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა zbirna.com-თან ინტერვიუში „ტორპედოს“ მოთამაშემ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა: „საქართველოში ჩემპიონატი 15 მარტს შეაჩერეს. თავიდან თქვეს, რომ სეზონი პირველ აპრილს გაგრძელდებოდა, მაგრამ მარტის ბოლოს სრული კარანტინი გამოცხადდა და ახლა არ ვიცით, როდის დასრულდება. ქუთაისში მაღაზიაში მხოლოდ რამდენიმე კაცს უშვებენ, გარეთ პირბადითა და ხელთათმანით დავდივართ. სამზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. მაგრამ არც პანიკაა და მაღაზიაშიც პროდუქტის დეფიციტი არაა.“

ქუთაისელთა ლეგიონერმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ ინარჩუნებს სათამაშო ფორმას: „სახლებში ვართ, არის ადგილები, სადაც დავრბივართ, მაგრამ ამას ყოველდღე ვერ ვახერხებ, ამიტომ პროგრამის ნაწილს სახლში ვასრულებ, ინდივიდუალური პროგრამებით ვვარჯიშობთ და კარგი ამბების მოლოდინში ვართ.“

ივან ბობკოს „ტორპედოს“ შესახებაც ჰკითხეს: „აქ ცუდი დონე არაა. თუმცა, გუნდი ახალი შეკრებილია და ობიექტურად მისი შეფასება ჯერ რთულია. ისევე, როგორც მთელს საქართველოში, „ტორპედოშიც“ დიდ ყურადღებას ტექნიკასა და პასს აქცევენ. ახალი ინვესტორი მოვიდა, რომელსაც პრობლემები დახვდა, თუმცა ამბიციური პრეზიდენტი გვყავს“ – პასუხობს უკრაინელი.