„ტორპედოს“ ქამბექი „რამაზ შენგელია არენაზე“ - ქუთაისელებმა მარტვილის „მერანი“ დაამარცხეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს [ვიდეო] #1TVSPORT

პლეი აუტის განმეორებით მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და წლის მატჩში, რომელიც უჩვეულოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, გამარჯვებას მიაღწია.

ამ გუნდებმა პირველი შეხვედრა 8 დეკემბერს გამართეს – მაშინ მარტვილელებმა 2:0 მოიგეს. ამრიგად ქუთაისელებს ორი ბურთის გატანა მართებდათ.

ქუთაისელებმა პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს, მთელი ძალებით უტევდნენ და კარგი მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდნენ. თუმცა მეორე ტაიმში მაინც გაიტანეს – 63-ე წუთზე საჯარიმოში თორნიკე ახვლედიანი შევარდა, ბექა ბიბილაშვილთან ბრძოლაში საჯარიმოში წაიქცა და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მათე ცინცაძემ გამოიყენა – 1:0.

87-ე წუთზე „ტორპედომ“ ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა. ვასილის კარაგუნისის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს მასპინძელთა შემტევმა და მარტვილელთა მცველმა ფეხი ააცილეს, კარის წინ გახსნილმა ალეკ მუდიმუმ კი ზუსტად დაარტყა – 2:2 ორი მატჩის ჯამში.

დამატებულ დროში ქუთაისელები დაწინაურდნენ – 102-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძის გადაცემით ახლოდან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა თორნიკე ახვლედიანმა ახლოდან ზუსტად დაარტყა – 3:0.

საბოლოოდ, ქუთაისის „ტორპედომ“ 3:0 მოიგო, ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:2 დაამარცხა (0:2, 3:0) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მარტვილის „მერანი“ კი, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, 2022 სეზონსაც ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.

დატოვე კომენტარი