„ტორპედოს“ მწვრთნელი - ბოსნიაში „სარაევოს“ დასამარცხებლად ჩამოვედით #1TVSPORT
„ტორპედოს“ მწვრთნელი - ბოსნიაში „სარაევოს“ დასამარცხებლად ჩამოვედით #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ „სარაევოსთან“ 20 ივლისს დაგეგმილი კონფერენს ლიგის პირველი ტურის საპასუხო თამაშამდე მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა პრესკონფერენციაზე იმედიანი განცხადებები გააკეთა.

„ვიცი, რომ აქ ჯოჯოხეთურ ატმოსფეროში მოგვიწევს თამაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მატჩის ჩატარებას ისე შევძლებთ, როგორც პირველი მატჩის დასკვნით ნაწილში და მეორე ტაიმში ვითამაშეთ.

ვიცით, რომ ურთულესი მატჩი იქნება. „სარაევოს“ ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება და გვესმის, რა სირთულეებიც გველოდება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მოგებას შევძლებთ.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რომელიც დღითიდღე უმჯობესდება. „სარაევოს“ უნდა გაეანალიზებინა ჩვენი თამაში და ახლა მათ იციან, რეალურად რას წარმოვადგებთ. სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იქნება, მაგრამ ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ.

პირველი მატჩის პირველ 20-25 წუთში „სარაევო“ ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ როცა რიტმი შევცვალეთ, ბევრად უკეთესად ავთამაშდით. ახლა ორივე გუნდმა იცის, რა ელის, რადგან თამაში ორივემ გავაანალიზეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ.

ჩვენი მიზანი მოედნის ცენტრში დომინირება იქნება, რაც პირველი მატჩის უმეტეს ნაწილში შევძელით. ეს „სარაევოს“ შეტევით პოტენციალს მინიმუმამდე შეამცირებს. მთავარი ბრძოლა ნახევარდაცვაში იქნება და თუ მოედნის ამ მონაკვეთში მეტოქეს ვაჯობეთ, ვფიქრობ, მოგებასაც შევძლებთ“, – ამბობს სტივ კინი.

„სარაევოსა“ და „ტორპედოს“ პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. 20 ივლისს ამ გუნდების საპასუხო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 22:55 საათიდან შემოგთავაზებთ.