„ტორპედოს“ მწვრთნელი - „აქტობეს“ აგრესიულად უნდა შევუტიოთ #1TVSPORT
„ტორპედოს“ მწვრთნელი - „აქტობეს“ აგრესიულად უნდა შევუტიოთ #1TVSPORT

„აქტობესთან“ კონფერენს ლიგის მატჩამდე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე იმედიანად ისაუბრა. მანამდე კი მეტოქის პრობლემები ახსენა.

„ცნობილია, რა პრობლემაც შეექმნა „აქტობეს“. ეს ამბავი გუშინ შევიტყვეთ და, სპორტული სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, მეტოქის დასახმარებლად ჩვენმა კლუბმა ბევრი გააკეთა. საქმეში ჩაერთო ყველა, ვისაც დახმარება შეეძლო. ყაზახები ხვალ დილით გვესტუმრებიან. არ მგონია, რომ ამის გამო „აქტობე“ მოუმზადებელი ან დაღლილი გვესტუმრება.

სარაევოსთან“ იყო ეპიზოდები, როდესაც ბოსნიელები გიჟურად გვიტევდნენ და დიდ ზეწოლას განვიცდიდით. დაცვით ტაქტიკაზე გადართვა ამიტომ მოგვიხდა. „აქტობესთან“ ეს სცენარი აღარ უნდა განმეორდეს, რადგან მსაჯის სასტვენისთანავე მეტოქეს აგრესიულად, მაღალი ინტენსივობით უნდა შევუტიოთ და ვეცდებით, ყველა მომენტი გამოვიყენოთ.

აქტობეზე“ ყველანაირი ინფორმაცია გაგვაჩნია – მოთამაშეებზე, მწვრთნელზე და მეტოქის ტაქტიკაზე. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ, ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩი მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ისეთ შედეგს მივიღებთ, როგორც ვითამაშებთ.

უკვე მრავალი წელია, „ტორპედოს“ ევროტურნირების მეორე ეტაპზე არ უთამაშია. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრის მიერ ტრიბუნაზე შექმნილი ატმოსფერო და ქალაქი, სადაც ეს გუნდი უყვართ“, – განაცხადა სტივ კინმა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ გუნდს 27 ივლისს „შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.