„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - პრობლემების მოგვარებაში მერია და ფეხბურთის ფედერაცია გვეხმარებიან
„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - პრობლემების მოგვარებაში მერია და ფეხბურთის ფედერაცია გვეხმარებიან

„საბურთალოსთან“ შეხვედრის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს გუნდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაანონსებული განცხადებები არ გაუკეთებიათ. თუმცა, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ „ტორპედოს“ პრობლემების მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯების გადადგმას ელიან.

„ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე შეკითხვებს ნუ დამისვამთ. ჩვენს ხელფასებზე ლაპარაკით მთელი ქვეყანა დავღალეთ და ამაზე ყურადღების გამახვილება მერიდება. მთავარია, რომ ამ პროცესში ყველა ჩართულია – გვერდში დაგვიდგა ქუთაისის მერია და ფეხბურთის ფედერაცია და იმედია, უახლოეს პერიოდში ყველა პრობლემა მოგვარდება“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.

„საბურთალოსთან“ შეხვედრამდე, ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ცნობით, გუნდის ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდნენ, მაგრამ ვითარება შეიცვალა – საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ტორპედოს“ გუნდის ფინანსური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებასა და ფინანსურ დახმარებას დაჰპირდნენ.